აღმოსავლეთი – დასავლეთი
ყოველ გაზაფხულზე მამაჩემი იმახსოვრებს მერცხლების მოფრენის თარიღს და ყოველი შემთხვევისთვის აღმოსავლეთის კედელზე აწერს. ცაში ნასროლი კენჭებივით ბრუნდებიან მერცხლები ყოველ გაზაფხულზე. მე ვჯდები პირველ ბალახში და ვიმახსოვრებ თოვლს, რომელიც შავ-თეთრია: მამაჩემის დაბრუნებულმა მერცხლებმა დაიმახსოვრეს თბილი ქვეყნები და ჩამოთოვეს ჩემში. ყოველ ზაფხულს მინდვრები იმახსოვრებენ ცელებს. და სამხრეთის კედელზე მიყუდებული ცელი იხსენებს ჩემი ძმის სისხლს, ცელის პირზე შეჭრილი ხელიდან წითლად რომ დათოვა ბალახზე რომელიღაც ზაფხულში. ყოველ ზაფხულს მდინარე იმახსოვრებს ჩემს ტანს - ვწევარ წყალში გულაღმა დიდი თეთრი თევზი და ჩემი შიშველი სხეული წყალქვეშ უფრო შიშველია, როგორც მისთვის ნათქვამი სიტყვა, ვინც აღარ დაბრუნდება. ყოველ შემოდგომაზე დედაჩემი იმახსოვრებს ეზოდან გზისკენ გაწვრილებულ ჩრდილს და იხსენებს, როგორც ხეს, რომელიც მუცლიდან ამოეზარდა, ჩემი სახელი ჰქვია, და როცა ეხვევა, მხრებზე ემტვრევა მისი ხმელი მკლავები. და შემოდგომის გზაზე ყვითელი თოვლია ჩემი ნაფეხურები, როგორც ბებიაჩემის წასვლა დაუმშვიდობებლად, ხელის დაქნევის გარეშე. ყოველ ზამთარს ცარიელი ბუდეები იხსენებენ მერცხლებს. ცარიელი მდინარეები იხსენებენ თევზებს, და როცა თოვას იწყებს, მე ვიხსენებ თოვლს, რომელიც ყვითელია - თითქოს დედაჩემი დავიწყებული სარდაფის კარივით შევამტვრიე, ჩავედი, და კიბის ყველა საფეხური ჩემი თავი აღმოჩნდა, ყველა ერთმანეთზე ბებერი. მე ვიხსენებ თოვლს, და წითელია თოვლი - თითქოს ჩემმა ძმამ ცელის პირს შეაჭრა ხელი და წითელ წვეთებად ეფინება გზას ჩვენი სახლისკენ, რომელიც ჩრდილოეთის კედელზე მიშენებულ მიტოვებულ ბუდეს ჰგავს, საიდანაც ათასჯერ გავფრინდით და ერთხელაც არ დავბრუნებულვართ. მე ვწვები მიწაზე და ვიხსენებ თოვლს, რომელიც ყველა კედელზე წერია, ყველა მდინარეში დაცურავს, როგორც თეთრი თევზი, ყველა სათიბიდან მიდის ხელის დაქნევის გარეშე, ყველა ხიდან თოვს და წვება მიწაზე, როგორც მე ჩემს ჩრდილზე. და მიწა გვიხსენებს ჩვენ, ჩვენ – დასავლეთის კედელთან ჩამწკრივებულებს, დინჯად, ბეჯითად გვიხსენებს სათითაოდ ყველაზე ზუსტი გახსენებით და ყოველი შემთხვევისთვის მუცელზე შემოწყობილ ქვებზე იწერს ჩვენი დაბრუნების თარიღს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი