მარფა პეტროვნა
ობობა გარდამეცვალა. მარფა პეტროვნა. საახალწლოდ ხევსურეთში ვიყავი, რომ დავბრუნდი, უკვე აღარ დამხვდა. მოკვდა მარტო. ცივ სახლში. ახალი წლის დღეებში. მოკვდა თავის ნაქსოვ აბლაბუდაში გახვეული, დაკრუნჩხული ფეხებით. პირველად რომ შევხედე, ყავისფერი დაჰკრავდა. ახლა თანდათან ნაცრისფერდება. ვზივარ და ვუყურებ, როგორ ხდება აბლაბუდის ნაწილი. მალე ალბათ ვეღარც გავარჩევ. ოთახში სინათლის ანთებისას მეჩვენება,რომ ირხევა. აბლაბუდა რკალისებრ ჩრდილს აკეთებს კედელზე. ჩრდილი კუთხეში ოდნავ ჩარღვეულია, თითქოს ამოკენკილი. მარფა პეტროვნა მსუყე წერტილივით ჩანს ჩრდილზე. მე ვზივარ და ვუყურებ, როგორ იდღაბნება ეს წერტილი თანდათან. მალე აბლაბუდას მტვერი დაფარავს და გაამკვრივებს. მე ფარდაგივით ჩამოვხსნი კედლიდან, კიდეებს გავუსწორებ და მარფა პეტროვნას ფრთხილად გავახვევ თავისსავე ნაქსოვ სუდარაში. მერე ვეცდები, გავიხსენო რომელიმე უძველესი ხმითნატირალი და ვიმღერო. დამჭირდება ღამე, თოვლი, ოდნავ შეძმარებული ღვინო და რამდენიმე კვირის შიმშილი და უძილობა. მარფა პეტროვნა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ალბათ მეც. ჩვენ ორივე მსუბუქად გავანათებთ, თუ მთელ ქალაქში ჩააქრობენ სინათლეს. მერე მარფა პეტროვნას დავკრძალავ მეზობლის ეზოში, გაყინული ვარდის ბუჩქის ქვეშ. თმას ჩამოვიშლი და ვიტირებ. დაკრძალვაზე გეპატიჟებით. შეგიძლიათ წამომიღოთ ნებისმიერი მცენარის ფოთლები მარფა პეტროვნას საფლავისთვის დასაფარებლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი