ბავშვობისას დარდი ან ასეთია ..
ბავშვობისას დარდი ან ასეთია – რომ ორმოში დგახარ და სიცოცხლე ზემოთაა, ან ასეთი – სადაც არ წახვალ, ოთახის რომელიღაც კუთხე დაგყვება თან. ან ვერ იცილებ და ორმოთი უზიხარ დედას კალთაში, ორმოთი გძინავს და ორმოთი გაბანავებენ, ან ოთახის კუთხეს ვერ იცილებ, როგორც მარადიულ დასჯას და მუქარას. ან ორმოს გამო დარდი თანდათან ისე გაშეშებს, თითქოს ძვლები გიფართოვდება, ხორცში შედის და რბილობის ადგილს იკავებს, ან ამ კუთხიდან სასტიკად ალესილ მკლავებს ენებივით ამოყრიან ხოლმე ყველაზე კარგი მასწავლებლები და ყველაზე ახლო ნათესავები. და თუმცა გჭრიან, გჭრიან, შენ მაინც წყალივით, მაინც ჯიუტად, ისევ უწყვეტ ნაკადად მიედინები დიდობისაკენ, რომელშიც არა და არ არის ხსნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი