„ფოტოს გადაღება ნიშნავს“


ჰოლანდიელ ფოტოგრაფს _ პიტერ ვან დერ მეერს
ფოტოს გადაღება ნიშნავს,
როგორც რეზინის სათამაშოს,
ისე მოგიჭირონ სახეზე ხელი,
დაგიბრიცონ ნაკვთები საცოდავად
და თვალებიდან ამოგესხას
მთელი სიცოცხლის მარაგი სევდა.
დაუნდობელი `გაიღიმე~ –
ჰგონიათ, ყველაფერი წესრიგში მაქვს,
ყველა გრძნობა თავის ადგილას მიდევს.
უკვირთ, საიდან გამომაქვს ასეთი ღიმილი –
ძველი ნავივით საწყალი, უფსკერო,
შიგ რომ ვერავის ჩასვამ, რომ სახიფათოა.
სხვების ღონიერ ტუჩებზე კი იალქნიანი ხომალდებია –
მთელი მათი ოჯახებით _
ხელს გვიქნევენ გემბანებიდან.
აქ ამბობენ რომ პოეტი ვარ –
თითქოს იმ ლექსებს, რომლებიც მოსწონთ,
ქინძისთავებით მიმაგრებენ პირდაპირ ხორცზე.
ასე გარედან ჩემი ლექსები არასოდეს მიტარებია.
(სამშობლოში ისევ შიგნით ჩავიყრი ამათ).
აეროპორტში,
ვიდრე უკლებლივ დავიბრუნებ ყველა სადარდელს,
მოძრავ ბილიკზე
ჩემი საწყალი ჩემოდანი უთვალავჯერ დატრიალდება.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი