საძილე აბები
აიღებ გრძელ მდინარეს, თოკივით გამოკვანძავ, შეყოფ წყლის ყულფში თავს და დაქანდება უცებ ყველაფერი. ეს ისე ადვილია, სულ უმტკივნეულო, ვერავინ წარმოიდგენს, როგორ უცებ ამოგყვება მდინარე კალაპოტიდან. თვითონაც მკვდარი ქალივითაა, ლიფსიტები შავი აბებივით რომ უყრია ტანში და კი არ ალღობს, პირიქით, იზრდებიან ეს შავი აბები, პირის დაღებას სწავლობენ. ასეთი მდინარე უღალატოა – არც გაწყდება, არც თავზე გადმოსრიალდება, ძარღვებზე მოხერხებულად მოგეჭირება. ხვალ კი ტყუილი დილა – უწყლო ჭიქასავით მოყუდებული ოთხჯერ – ასე რას დავზრდი ბავშვებს – კვამლისა ვარ, ვერ ვიქნები პასუხისმგებელი! ხოლო კანკალი საიდუმლო კაკუნივითაა შიგნიდან – რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ აღარაფერი გამომივა. ეს ღამეც ხომ ხელოვნურად შემოვიჩვიე – თითქოს ქორი გადამეღებოს – ბუმბულები სულ სათითაოდ გავუღიავე. მოინახულეთ ახლა ვინმემ ჩემი საშიში, საშიში ძილი – გადაყლაპული აბები ლიფსიტებივით რომ მეზრდებიან, პირის დაღებას რომ სწავლობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი