თუ მერე მაინც ..


თუ მერე მაინც 
მამაჩემი გამაჩენს თავიდან, 
როცა დედით გაჩენილი 
დავიღლები და აღარ ვიქნები, 
თუ მერე მაინც 
კბილებით გამომათრევს სიკვდილიდან, 
პირში ჩამიგუბებს, 
ნერწყვის ქაფს მტრედებად გადაიქცევს 
და ამათ ჩამაყოლებს 
თავის ღონიერ მუცელში _ 
არ ჯობდა, თავიდანვე მამას გავეჩინე? 
მუცელშივე თუთიის ხერხემალზე ააცვამდა 
ჩემს დაწყვეტილ ხორცს. 
გამოკვანძავდა, ვეღარასდროს დავიფანტებოდი. 
ზუსტად ცხრა თვეში 
მუცელს საკუთარი ბრჭყალებით გამოიფლეთდა, 
უჩემო ფუღუროს რამეთი ამოივსებდა, 
ჩემსკენ აღარასდროს გამოიხედავდა – 
ასეთი ვიქნებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი