იტყვიან
მე რომ მოვკვდები, იტყვიან: ჩაწვა, სამარე შეავსო, მოკვდა! ეს ერთიც მოაკლდა იმ ოთხას კაცის სიასო; მაინც რამდენ ხანს გაუძლო ამ ქვეყნის რია-რიასო?! მე რომ მოვკვდები, იტყვიან: მორჩა და დაისვენაო, რაც მაგას ტანჯვა უნახავს, იმას ვერ იტყვის ენაო; ეს ვინ ყოფილა?! ძლივს მოკვდა, წავიდა, დავრჩით ჩვენაო. მე რომ მოვკვდები, იტყვიან: ლექსები დარჩა მაგასო, ალპური ყვავილებია, არა ჰგავს ხრამის ნაგავსო; ახვიდე, მისწვდე, დაკრიფო _ სევდამ სიამით აგავსოს. მე რომ მოვკვდები, იტყვიან (არაფერსაც არ იტყვიან!): ხალხს რომ კეფაში უშენდნენ, ეგ მკერდს უშვერდა იმ ტყვიას, _ იქნება მართალს ამბობენ, იქნებ... ჭორებსაც თითხნიან?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი