ამოვისუნთქე


ამოვისუნთქე და ამ სუნთქვას ამოვაყოლე,
გულს ჩარჩენილი შენეული ციცინათელა,
ნუ დაიჯერებ ნურც სიმართლეს, თუ ამ სიმართლემ,
ოცნების ხიდი ჩატეხა და გააცამტვერა;

... ვფიქრობ და ფიქრი მომაბეზრა, ფიქრმა ამდენმა...

ამოვისუნთქე და ამ სუნთქვას ამოვაყოლე,
მკვეთრი ფერებით შეღებილი სურათი ფიქრის,
ჩარჩო მოვხსენი და სურათი ფერფლად ვაქციე,
ეს ფერფლი ზეცას გავუგზავნე, ვარსკვლავად ცისკრის;

... რატომ არ წყდება ეს ვარსკვლავი, ყოველთვის მიკვირს...

ამოვისუნთქე და ამ სუნთქვას ამოვაყოლე,
ამღერებული სიზმრები და ქოხი ტყის პირას,
ჩემს სურვილს ვუვლი, ვუფრთხილდები უსათუთესად,
მხოლოდ და მხოლოდ თუ გავანდობ ვასკვლავს ციმციმას;

... მაგრამ ვარსკვლავი სურვილისთვის ვერ გამიწირავს...

ამოვისუნთქე და ამ სუნთქვას ამოგაყოლე,
ასე შემექმნა გულში დიდი სიცარიელე,
ნუ დაუჯერებ საკუთარ თვალებს, თუკი იხილავ,
მოწმენდილ ღამეს, მკრთალ ზეცაზე თუ გაიელვებს...

... ეს ის ვარსკვლავია ჩემი სურვილისთვის თავს რომ გასწირავს,
ჩამოწყდება და ზეცას დაუტოვებს სურვილს ნაწვიმარს...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი