ზღვაში
მზე ჩადის... მივცურავ ტალღებზე, დაღლილი ზღვა ჩუმად ხმაურობს, ზღვის ქაფი მეხება სველ თმებზე, ვითვისებ ზღვის ქვეყნის საუფლოს. ვებრძვი შიშს ღამის წყვდიადის, და მკაცრი ტალღების სიცივეს. ჩემი ფერმკრთალი გონება, გაყინულ ტალღებზე იძინებს. მზის სხივებს მეც თბილად შევხვდები, გზას გამინათებენ ღიმილით, მაგრამ რა ვუშველო ამ ჩემს გულს, მთლად გაყინულია სიცივით. ვერ მათბობს ტალღების საბანი, ვერც მზის და ოცნების სინაზე, მაინც ზღვაში ვეძებ იმ სითბოს, რასაც ვერ ვპოულობ მიწაზე. მივცურავ, მივიწევ უფრო წინ, ზღვა ისევ საოცრად ცივია, არ ვტირი, ეს ცრემლი კი არა, ცაზე დაკიდული მძივია. მზე ჩადის... და მთვრალი ტალღების, ვეჩვევი გაყინულ სარეცელს, როგორ არ მიყვარდა სიცივე, ახლა კი მას თვითონ დავეძებ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი