მე ამოვიყვან ზღვის ფსკერიდან ჩაძირულ გრძნობას


სიშიშვლის შეგრძნებამ სიუხეშის ბადე მომხვია,
ალუბლისფერად ანათებულ ასფალტის ორთქლზე,
თავს რატომ იკლავს ზღვის ტალღებში მშვიდი თოლია,
მე ხომ მიყვარდა მისი პოეზია...
და სიყვარული გავატანე მასთან ზღვის ტალღებს...
მაშინ აქაფებულ ტალღებისგან დასველებულ
კენჭებს ვითვლიდი,
და ვერ შევამჩნიე...
ზღვის სიჩუმეში მდუმარე ტალღებს,
ჩემი სიყვარული გავატანე და არ გაჰყოლია;
თურმე ამ ტალღებს გადაჰყოლია...
გადაჰყოლია და სისველემ ცრემლები შობა,
სიცივისაგან გალურჯებულ თვალთა უპეში,
ხელებით... თითებით... დაეძებენ ზეციურ გრძნობებს,
ამაოების ელფერებით დადის ნუგეში...
მე უკვე მივხვდი რომ ამ ქვეყნად არ მიცხოვრია...
მე ჰაერში ვარ, უხილავად დავიარები,
და ვეძებ... ვეძებ... იმას რასაც ყველა ივიწყებს;
ვეძებ რაღაცას თბილს, ნუგეშის მსგავსს...
სინათლით სავსეს...
რომ დავიბრუნო ძველისძველი, დავიწყებული...
უკვე არამოდური, ძველმოდური...
სიძველისგან გათეთრებული...
გახუნებული...
სიყალბისგან ატირებული...
მიტოვებული, მაგრამ მაინც გაჩუმებული...
არც ვინმეს ახსოვს ოდეს იშვა თავად ღმერთისგან...
სიახლის ძებნაში გაციებული გულების ფეთქვამ,
თავდავიწყების მოლოდინით გაცამტვერებულ მელოდიებში
გაბნეულ ბგერებს,
ზურგი აქცია და გაჩერდა...
მე ვისმენ ახლა ამ სიჩუმეში სწორედ იმ ბგერებს,
და ამ მტვერში და კორიანტელში მიჭირს ცხოვრება;
ალბათ ზედმეტი ვარ, მიშველე ღმერთო!
უკვე სიმართლის სიშიშვლეც რომ მეთაკილება...
შევინიღბები და სიყალბის გვირგვინს მოვირგებ,
მარტო ვიბრძოლებ და ამ ბრძოლას მარტო მოვიგებ!

მე ამოვიყვან ზღვის ფსკერიდან ჩაძირულ გრძნობას...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი