მე შემოდგომა ვარ
მე შემოდგომა ვარ, გავყვითლდი, გავწითლდი, მერე უმოწყალოდ მოვკვდი და დავცვივდი... ოჯახი დავანგრიე, სითბოს გავეყარე, ხვალიდან მე ყინვის მეუღლე ვიქნები... შვილები მეყოლება პაწაწა ფიფქები, და ყინვის დედოფლად, ყინვის სასახლეში, ყინვის მბრძანებელთა მბრძანებლად ვიქცევი... მაგრამ გაციებულ გულთა მეთვალყურეს, ამიცრემლდებიან თვალთა ნაპერწკლები, ამ სახლსაც დავტოვებ, და კვლავ ოჯახს ვანგრევ, მეძავად ვიქცევი ყვავილთ ოთახამდე... მერე გაზაფხულის მეუღლე მერქმევა, შემმოსავს, შემამკობს ყვავილთა კაბები, ფეხქვეშ დამიფენენ დაქარგულ ფარდაგებს, შურით სავსე თვალით მიმზერენ ქალები... მაგრამ ჩემი გულის, ჩემი ოცნებების, მუდამ ღია არის მომავლის კარები... მე და ზაფხული ჩუმად გავიპარეთ, ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობით... წარსულში დავტოვე ყვავილთა სამოსი და შიშველ სხეულზე ვიგრძენი ქაოსი, წარსული დღეების, კაბების, ფერების, მე ახლა სუფთა ვარ, ზღვასავით კამკამა, მე მჯერა ტალღების გაწვდილი ხელების, და ვფიქრობ ამ ზაფხულს ვგავარ თუ არ ვგავარ... თითქოს შეიცვალა ჩემს ირგვლივ სამყარო, თითქოს მარტოსული დავრჩი და გავვოცდი, როცა გზის სავალი ბილიკიც დამთავრდა, და გზის დასალიერს კვლავ მარტო გამოვჩნდი... თურმე მარტო დავრჩი ჩემს თავთან, ჩემს გულთან, და რეალობასთან პირისპირ აღმოვჩნდი... მე შემოდგომა ვარ, გავყვითლდი, გავწითლდი, მერე უმოწყალოდ მოვკვდი და დავცვივდი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი