მეოცნებე მეეზოვე


გაზაფხულდა, გარეთ წვიმდა,
მეეზოვე ქუჩას გვიდა,
მის ნაღვლიან, დიდ თვალებში,
წვიმასავით ცრემლი სცრიდა...

ნაღვლიანი შეჰყურებდა,
ფოთლით გადაპენტილ ქუჩას,
გაუბრწყინდა უცებ სახე,
ქუჩას სადღაც ბოლო უჩანს...

დასცქეროდა თავის ცოცხს და
ოცნებებით ცას სწვდებოდა,
მას სჯეროდა სასწაული,
ერთხელ მაინც მოხდებოდა...

აიხედა მაღლა ცაში,
და შემოჰკრა უცებ ტაში,
ოცნებებში გართულს საწყალს,
ცრემლიც აღარ უჩანს თვალში...

რომ მქონოდა დიდი ცოცხი,
აი ასე...
ამ სიმაღლის...
სულ სიმღერით დავგვი ქალაქს,
მაშინ ხალხო რაღა დამღლის?

მაგრამ ნეტავ ვინ მაღირსებს,
იმ ახალ ცოცხს, მე საბრალოს,
იმით ალბათ ქალბატონის
ეზო უნდა დაიგავოს....

...და ოცნებით მისწვდა ღილაკს...
- შეიძლება? – თქვა მორცხვობით,
ქალბატონიც შეეგება.
მეეზოვეს გამოწყობილს.

გაუწოდა დიდი ცოცხი,
ხო, ისეთი, რომ ნატრობდა,
ქალბატონის ეზოს დაგვა,
მიაჩნია მას გართობად.

და უეცრად,
- აქ რას ზიხარ?
მეეზოვეს ხმა ჩაესმა,
წამოხტა და ოცნებებიც,
გაეფანტა, შორს გაექცა...

თურმე საწყალს ჩაეძინა,
იქ სკამზე მჯდარს,
მიხვდა გვიან,
გაეღვიძა, გარს ხალხი და
ბავშვებიც მას დასცინიან.

კვლავ პატარა, გაქუცული,
ჯუჯა ცოცხით იყო იგი,
წამოხტა და გაარღვია,
ფოთლების და ხალხის რიგი...

სულ არ სურდა ახლა დაგვა,
მეეზოვეს ფიქრით დაღლილს,
სურდა მხოლოდ რომ ეტირა,
ვერ უძლებდა სიცილს ხალხის...

და კვლავ ფიქრში ჩაიძირა,
კვლავ ოცნებით მისწვდა სფეროს,
ოცნებობდა ლამაზ ცოცხს და,
ნატრობს ვინმე მოეფეროს...

ყველასა გვაქვს საოცნებო,
ოღონდ ერთი განსხვავებით,
ის სხვა რამეს ოცნებობს და,
ჩვენ სხვა რამე გვინდა ჩვენთვის...

ისევ გაზაფხულის დღეა,
გარეთ ისევ ნაზად წვიმდა,
მის თვალებში ცრემლი სცრიდა...
მეეზოვე ქუჩას გვიდა....

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი