როცა მიყვარდი


როცა მიყვარდი, ამას ვერ ვგრძნობდი,
რომ სიყვარული იყო ისე უსაზღვროდ დიდი,
რომ დაკუწული და მძივად აკინძული ჩემი გული
ვერ ჰყოფნიდა - მას გარშემო შემოსწვდომოდა...

როცა მიყვარდი, ამას ვერ ვგრძნობდი,
რომ სიყვარული ისე თბილი იყო,
რომ მისი სითბო, მზის სითბოსაც კი ჩრდილავდა,
და ამ ჩრდილში ნიავის ქროლვად ქცეული,
გვახსენებს თავის არსებობას...

როცა მიყვარდი, ამას ვერ ვგრძნობდი,
რომ როცა წვიმდა და მე ვსველდებოდი,
ეს წვიმის ცრემლებად ქცეული, ჩემი გრძნობა იყო,
რომელიც ტიროდა მომავლის ხედვას...

როცა მიყვარდი, მე ვერ ვგრძნობდი,
რომ შეიძლებოდა დამეკარგე;
რადგან სიყვარული ჩემს აზროვნებას სუდარასავით ეფარა,
და არ მაძლევდა იმაზე ფიქრის საშუალებას,
რაზედაც ფიქრი ახლაც არ მიყვარს...

როცა მიყვარდი, იმ გვირილასიც მჯეროდა,
ბალახებში მარტოდ-მარტო ამოსულს,
თეთრ ფოთლებს რომ ვაცლიდი...
იმ ღრუბლისაც მჯეროდა,
მოწმენდილი ცის ერთ პატარა კუთხეში რომ გამოჩნდებოდა,
და იმ საოცნებო კოშკს ემსგავსებოდა,
მეც შენთან ერთად იქ ცხოვრებაზე რომ ვოცნებობდი...

როცა მიყვარდი მე შენი მჯეროდა,
მე ყველაფრის მჯეროდა,
და იმაზე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა,
ოდესმე ეჭვი შემეტანა ამ რეალობაში...

ახლა?
ახლა კი ისიც არ მჯერა, რომ შენ ოდესმე არსებობდი...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი