კორიდა
ტკივილი მინგრევს გულის ფიცარს, გიცან, ჩემი ზღაპრის გმირი გიცან; მაგრამ უმწეო და ხელშიშველი, შენ მე ვეღარაფერს ვერ გიშველი; საფიც, სალაღობოდ გაჩენილო, არ მსურს დავიჯერო დანახული; ჩემო დამაშვრალო მარჩენალო, კვდები კაცის ხელით დალახვრული; გულში განუკურნელ დარდად ჩამრჩი, ბოღმამ ერთიანად გამომცალა; რისთვის გამოგწირეს დასადაშნად, თავი ვერ გავართვი გამოცანას; რატომ გაგიმეტეს სასიკვდილოდ, ასე მიმნდობი და უწყინარი; მინდა ვითავცემო და ვიკივლო, გიგლოვო საყვარელი, უტყვი ხარი; როცა ჩემს ზღაპარში მოხვალ კვლავაც, არვის დაგანებებ მოსაკლავად; სიბერე მიწეულს გიპატრონებ, გიბოძებ ბალახიან მისადგომებს; ვეღარ მოგაკარონ დაშნა, შუბი, კოცნით დაგიფარო წმინდა შუბლი; ბელტი-ბელტს აბრუნო შემართებით, რქებზე დაგიმაგრო კელაპტრები; საცირკედ აღარ გახდე ამაგდარი, ჩემი მარჩენალი ლაბა ხარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი