ჰამლეტ გონაშვილი
მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ, მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა, და ამიტომაც დავჭირდი უფალს. არ მითესია შური და გესლი, მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი, არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი, ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი. ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის, მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმს და, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი, მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით. ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს, და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს, და ასე მუდამ კარიკარ ივლის, ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს. შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად, იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას, ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს, ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს. ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს, გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს, ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა და ამიტომაც დავჭირდი უფალს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი