დიდგორი
ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი. დუშმანს გაეგება დავით თოროსანი მესიის ელვა და ედემის სოსანი და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა მკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა. გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები, გველს ბასილისკოს დაასო ტერფები, ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები, იდიდოს მადლი და კურთხევა განგების! აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა, მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა, აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი, ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი