თბილისური ელეგია


თემიკო ჩირგაძეს

ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი
წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე —
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და
ქალაქელი.
მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო
აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“
ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად
მოხვედრილ სტუმარს...
მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:
„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,
გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთან
და ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!
თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ
ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის — ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო
და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...
ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი
გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“
არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, —
დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“

........................
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი — იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი