იუდას მონოლოგი


მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,
და თქვა იესომ: `მამლის მესამე დაყივლებამდე,
ერთი თქვენგანი მიღალატებსო...~
`მიღალატებსო?~ და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქო სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი და
მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს!
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა_ღაღადი,
მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე _ გავიღო მსხვერპლი საჩინო
უნდა გავწირო კაცი _ იესო,
ქრისტე _ ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი..
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი