იყო არაბეთს..


„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა  დ ი დ ი    თ ა მ ა რ ი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი