ლექსი გამოტოვებული სტრიქონით


ადამიანი როცა კვდება,
მიწაში ჰფლავენ,
ჭირისუფლები
ამ დროს
ბეჯით მთესველებს გვანან,-
დამარხვის ადგილს
გულმოდგინედ
ბარავენ, რწყავენ

და არ აკლებენ მზრუნველობას,
ცოცხლობენ სანამ...
რა შეიძლება აღმოცენდეს მკვდარი კაციდან?
რამ ანუგეშოს დარჩენილთა გული კეთილი?
ნუთუ იმ სიტყვამ,
დავიწყების ბოროტ საწინდრად
საფლავის ქვაზე რომ იქნება ამოკვეთილი?!
ან იქნება ჯვარმა-უფოთლო ნერგმა?...
......
დასძინებიათ გარდაცვლილებს...
და მაინც ერთხმად
გვიკიჟინებს დარჩენილებს:
-"არ დაგვივიწყოთ!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი