შენ ეი..


შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“,
გამოიხედე აქეთ:
ნუთუ არ ღიზიანდბი,
როდესაც პირში გაქებთ,
ხოლო ზურგს უკან — ძირს გითხრით,
შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით
ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“,
მოჩვენებითი გარჯით?!

ყალბი პრესტიჟის მონები —
ყალბისმქნელებიც გავხდით.
ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,
სავსე სახლით და დახლით,
პურმარილებში თარეშით,
ხაშლამითა და ღომით,
ყველა ხვრელსა და ნახვრეტში
გაძრომა-გამოძრომით!

„ცა-ფირუზ“... მაგრამ სადღაა
ის საარაკო ფერი?!
ტიალ უდაბნოდ გამხდარა
შენი ყანა და ტევრი.
ისიც გაგვიხდა საკვეხნად,
რომ ვატყუილებთ მოყვასს:
ნავენახარში ნაგლეხარს
ახლა საზამთრო მოჰყავს!

გაირყვნა და გათაღლითდა,
ქვეყნის დაკარგა რიდი, —
რძისა და კვერცხის საყიდლად
გლეხი ქალაქში მიდის
და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს
ზვარში კი არა, დახლთან...
მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი ვინც იყო,
მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!

არ ვიცი, რა გვეშველება,
თუ არ შევიგნებთ ბოლოს,
რომ საქართველოს შვილები
ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;
ჩვენი პატრონი — ჩვენვე ვართ,
არავინაა მეტი
და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი