უცნობი ქალისადმი


ამ საღამოთიც ჩამიარე გვერდზე ლანდივით
შიშველ ძარღვებში ამიჩქამე სისხლის დინება,
ვარ შენზე ფიქრში სამუდამოდ გადავარდნილი,
თენდება თეთრად,მაგრამ მაინც არ მეძინება.

ჩვენ ერთურთს ვხვდებით და ერთმანეთს თვალებით ვზვერავთ,
თუმცა არ ვიცით ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს;
გახსოვს,წუხელაც ნანდაურის ნანატრი მზერა
და გულს ისრივეთ დამკარი და გადიკისკისე.

ვინც გინდა იყავ,სულ ერთია,მითხარი ვინ ხარ,
თვალს რომ გარიდებ,ჩემო კარგო,ხომ არა ვსცოდავ,
მე ჩემი გზა მაქვს,გატყობ,შენც თავისით მიხვალ,
და მაპატიე,უცნობმა თუ გიმღერე ცოტა.

მეტი გზა არ მაქვს ამოვიკრავ ფეხზე წრიაპებს,
შეგსვამ ცხენზე და განგაშორებ შფოთიან ქალაქს,
რას სჩადი ქალავ ე რაღ დროს ამაწრიალე,
რად დამაჯერე სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს.

სიტყვას არ გეტყვი გეფიცები,უღალმაღალოს,
თუმც უკვე გითხარ,უკვე გითხარ ასე ხმაძვირმა...
ტკბილად ჩათავდა წუხანდელი ცივი საღამო
და შენზე ფიქრმა რიჟრაჯამდე არ ჩამაძინა.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი