ფიკუსი
ყვავილს მაინც გამოვადგები. ვეტყვი- გამარჯობა, ყვავილო, გამარჯობა, ჩემო ყველაზე მწვანე ფიკუსო. მოდი, ვითამაშოთ სიცოცხლობანა. მე ვიქნები შენი ღმერთი, ფოთოლზე ყურს დაგადებ და გეტყვი: ისუნთქე ღრმად, ჩემო მარტოობავ, ნუ დაუჯერებ ღამღამობით კედლების ჩურჩულს, კედლებს მხოლოდ ყურები აქვთ და არასოდეს ყვებიან ამბავს. კედლებს მხოლოდ ფანჯრები აქვთ, საიდანაც მზესავით შემოდის ღმერთი. და რომელიც მიწიდან ამოგიღებს და რომელიც მიწაში ჩაგდებს. ყვავილს მაინც გამოვაგდები. ვეტყვი: ჩემო მწვანე მარტოობავ, მოდი, ვითამაშოთ სიკვდილობანა. მოდი, ვითამაშოთ კიბეზე ასვლები. მოდი, გავბედოთ უმოაჯირო წონასწორობები და შენ იყავი ჩემი ღმერთი, რომელიც გულიდან ამოვა და მიწაში ჩამდებს. რომელიც კიბეზე ამოვა და დადგება კართან, რომელიც დაინგრევა კედელი და არასოდეს დამიგდებს ყურს, როდესაც ვეტყვი: ხომ ხედავ როგორ მომკალი, თითქოს ტრიალ მინდორში დამაყენე. ვეტყვი: ხომ ხედავ, ყველა მოკვდა, ვინც კი გვიყვარდა, აღარაფერი დაგვრჩა საერთო.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი