ბოლო წერილი მას
გამარჯობა, ძვირფასო, მინდა გახარო- დღეს ჩვენი მკვდარი შვილის მამა გახდები. მე მას მოვკლავ. და სანამ კედელზე, როგორც მწიფე ბროწეულს მივანარცხებ, მოვუყვები, რომ მამამისი კლდეზე მიჯაჭვული ღმერთია, გამოდის ხოლმე აივანზე, ოლიმპოდან მოტანილ ცეცხლზე ანთებს სიგარეტს და სწუხს საკუთარ უშედეგობას. ძვირფასო ჩემო, როგორც პროექტის საცდელ ვირთხებს, ეს ცხოვრება სიტკბოს გვატენის, შეშლელებივით ვეძებთ მერე გარეთ გასასვლელს და სანამ ერთმანეთს ცოცხლად შევჭამთ, სანამ კბილებით გამოვფატრავთ სისხლსავსე მუცელს, თავზარდამცემი სიხარულის ყველა ციება, ეს პანიკური მოლოდინი ბედნიერების მინდა რომ მოკვდეს, ისე,თითქოს არც ჩასახულა. რადგანაც ვხვდები: ამ ხაზს იქით არაფერი უნდა ვიკითხო, რადგანაც ვიცი, ამ ყვითელი შემოდგომის იქით არც კი უნდა გადავიხედო, ამ საზღვარს იქით, ზუსტად ვიცი, არაფერი აღარ მეკუთვნის, ისედაც ვიცი- უკვე მოხდა, რაც გავლებულ ხაზს იქით ხდება. და ნეტა ეს ხმა გაჩუმდებოდეს, რომ მოდის ხოლმე დაუკითხავად, ჩემს თვალებთან თვალები მოაქვს და დამცინავად მაკვირდება- და აი, ამ დროს, ზუსტად ვიცი- არაფერი უნდა ვიკითხო. და სანამ წავალ, სანამ კბილებით გადავიღრღნი საკუთარ ნერვებს, მე მოვკლავ ჩვენს შვილს, დაუნანებლად მივანარცხებ კედელს, როგორც მწიფე ბროწეულს და ცათამბჯენიდან დაშვებული შენი ბავშვობა, ყელთან ქვასავით მობჯენილ გულით- "ვაი - თუ დამყვეს ბოლომდე!..."- ყოველი ღამით დამესიზმრება.. ძვირფასო ჩემო, მინდა გახარო - მშვიდობით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი