ბოლო საჩუქარი
წაიღე ჩემგან ჩრდილოეთის ჩუმი ქარები, როგორც ნაკურთხი ავგაროზი შავი გიშერის. აქ რუხი ცაა მონატრების მძიმე ლოცვებით... წაიღე ჩემგან ჩრდილოეთის ცივი ქარები. ფარშევანგებით მოხატული ცისარტყელები, დაფლეთილი და აწყობილი გულში მარაოდ, შემოჭდობილი მარწუხივით წელზე სარტყელი- შენს მკლავებისგან შერჩენილი ამაოება. წაიღე სიმწრით გამოზრდილი მარგალიტები, სულ მარცვალ-მარცვალ აკინძული ნერვის სიმებზე, დაწყვეტილი და მილიონჯერ გადაკვანძული... წაიღე ხსოვნის დაბზარული მარგალიტები. გიტოვებ სუნთქვით გაჯერებულ ზამთრის სიკერპეს, ჩემს თვალებიდან სიბნელეში გადმოღვრილს ვნებით, რომ სულ თან გდევდეს ბოლო კვნესა- საწოლის პირზე, ცხელ თითებს შუა ჩამოშლილი თმის შადრევნების.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი