შენი სახლის კარს როდესაც ვხურავ
ყოველთვის ასე იქნება ალბათ: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც არსებობას "ცხოვრება" ჰქვია. და მრუმე დილა გაყინულ ხელით, სიცივის სამოსს ტანზე ყველას ლამაზად აცმევს. დამალულ გრძნობებს პირს უკრავენ სქელი საბელით, მერე სასწრაფოდ იკუჭავენ გულის სიღრმეში- ირგებენ იმიჯს, მოდურსა და რესპექტაბელურს. ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას. მაღლა ლურჯი ცა ქაოტურად დაიბზარება. დაემსგავსება მივიწყებულს მხატვრისგან მოლბერტს, სადაც თეთრ ლაქებს საღებავი არასდროს ფარავს. მერე ჩავაწვენთ ჩვენივ ხელით სიყვარულს მალვით შუშის კუბოში, გადავაკრავთ ჭრელ ბაფთებს ზრუნვით და საქმიანად შემოვიდგამთ მარცხენა მხარზე, რომ უხმოდ ვზიდოთ და შევჩივლოთ შემხვედრს, თუ ნაცნობს, რომ დაიცალა გრძნობებისგან თავისით ღამე და რომ სიყვარულს დაეკარგა რატომღაც ფასი, რომ მარტოობა გვყინავს, ფერმკრთალ თითებში გვაზრობს, რომ... რომ ნაპრალებს სველ თვალებთან ვერაფრით ვავსებთ. და მოხდენილად ჩავანაცვლებთ გადაღლილ მხარსაც, ასეა წესი- შეუმჩნევლად ვატაროთ უნდა, ვითმინოთ უნდა- არასოდეს მოვხაროთ ზურგი, მთავარი აქ ხომ იმიჯია, პროგრესის სუნთქვა. (მერე რა, თუ კი საკუთარი მოვგუდეთ ძირში!), უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა. და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი