ქარის ხიდზე
თიკო აბაშიძეს. მკლავებგაშლილი დიდხანს დგახარ საყვარელ ხიდზე, თვალებს ხუჭავ და ელოდები დაბეროს ქარმა- მოვარდეს იქნებ, ამოგიცნოს, დაგწეროს იქნებ. თინათინ, ახლა აღარ წერენ "ვეფხისტყაოსანს" და ვარსკვლავებსაც აღარავინ ითვლის ბოლომდე- ერთი... ორი და... შენ კი გინდა, რომ გაზაფხულზე მაინც აყვავდეს შენი ფიქრები, რომ შეკარი აკიდოებად და საოცარი ბაღებივით ცაში გაკიდე. ახლა, მზეებად ენთებიან ყოველ თენებას,- თუმც ვერვინ გითვლის და ვერავინ აღწევს შენამდე. შენს თვალებში კი, თაფლით დამტკბარ სავსე ნუშებში, როდესაც წვიმს... წვიმს... წვიმს უსაშველოდ, იმედებს ზოგჯერ ნაპირებთან ხავსი ედება და ფსკერზე მშვიდად სძინავს ჩავლილ საუკუნეებს- შენ ხომ სიღრმეებს თავსაცავი ღიმილისაგან მოუქსოვე და ჭილოფივით გადააფარე. რისთვის შემოსე?.. განა მარტო ცაში ვარსკვლავებს, თინათინ, ახლა სიღრმეებსაც აღარ ითვლიან, როდესაც უფრო იოლია ხელში თავისით შემოწყვეტილი სამდღიანი ყვავილი ყნოსონ. შენ ამ დროს შენი ზაფხულების ისვენებ ჭასთან, შენ-ღიმილს, ის კი ხის თავსაფარს იჩეჩავს ყელთან, და მერე, დიდხანს ერთმანეთთან მდუმარედ დგახართ და ამ დუმილით ერთმანეთის დაღლისას ყვებით. გეშვებათ გულზე. შენ სიღრმიდან ამოგაქვს წყალი- სხვა ზაფხულამდე სამყოფ სითბოს ჭა გატანს პეშვით. მიდიხარ მერე უვალ გზებით საყვარელ ხიდთან, ხუჭავ თვალებს და მკლავებგაშლილს, გაცდენილს ჭაობს, გეჯახება და გამსხვრევს ქარი და ცაში გფანტავს და გადაუთვლელ ვარსკვლავებად სხეული კვნესის: ვაი, თინათინ, აღარ წერენ "ვეფხისტყაოსანს".
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი