დაგვიანებული საახალწლო
რატომ უნდა მოსულიყავი? მხოლოდ უნდა გაგეცინა და გეთქვა- ამაღამ ახალი წელია. ამაღამ სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ და უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა. რატომ უნდა მოსულიყავი? მხოლოდ უნდა გეთქვა - შენ ჩემო სულელო, სულელო ქალო, როდესმე მოვალ და მოგიტან ყვავილს, ყვავილი იქნება თოვლივით მშვიდი, ყვავილი იქნება თეთრი და ციდა. შენ ჩემო უცხო და უცნობო ქალო, ცხოვრება არავის დაგვაცდის მოსვლას, ცხოვრება არც წასვლას დაგვაცდის ვინმეს, ყოველთვის წრეზე და უმიზნოდ ვივლით. შენ ჩემო შორო და არასდროს ჩემო, ამ ერთხელ ჩაუთქვი სურვილი ჩემზე, ამაღამ ზამთარი ჩაუთქვი სურვილს, ამაღამ სურვილი ჩაუთქვი სურვილს: მოვიდე და მხარზე მომაყრდნო თავი, მოვიდე და თავზე დაგადო ლოყა. და მერე ორივე დავხუჭავთ თვალებს და მერე სიზმრები თოვლივით მოვლენ...- შენ მხოლოდ ასეთი რამ უნდა გეთქვა, რატომ უნდა მოსულიყავი, როცა სულელი ადამიანები სურვილებს უთქვამენ, როცა უფრო სულელებს მათი ასრულების სჯერა, როცა სულ მალე ახალი წელია?
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი