გაზაფხული


(არგაგზავნილი მესიჯებიდან)
...

სისულელეა, პირველი, ან ბოლო სიყვარული,
მოგონილია...
არის უნარი-
ორ ხეს შუა გაბმულ თოკზე შეგეძლოს გავლა.
და თუ ერთხელ მაინც შეძელი,
განწირული ხარ-
მთელი ცხოვრება ინარჩუნო წონასწორობა.
აღარ არსებობს პირველი, ან ბოლო გავლა გაჭიმულ თოკზე,
როცა ჩნდება ის ერთადერთი,
აი, ამ წუთას, რომ გაკავებს მაშველ ჯოხივით
და სადღაც, მაღლა,
გეხმარება გადარჩენაში.
...


რა ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოკეანე-
ნეტა თავს გარეთ გამატანინა შენი ლოდინი,
თუნდაც ჩემი მკლავის მანძილზე,
მზერის მანძილზე,
გაფიჩხული, მკვდარი მხეცივით გამათრევინა.
არც მოვაცლიდი მიწიდან აკრულ ბალახებს, ფოთლებს,
სასწრაფოდ ორმოს ამოვთხრიდი სადმე, ხის ძირში
და ჩავფლავდი პანიკურ შიშით-
არ გაახსენდე,
უცებ თვალი არ გაახილოს.
...


მიწაყრილივით მილაგია მუხლზე ხელები
და არ ვიცი საით წავიღო.
ჩემი მუშტად შეკრული თითები,
ჩემი ორი მდუმარე საფლავი.
მოდი,
თეთრი ხეები დამირგე და ერთად ვიცინოთ:
"ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი...
ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი..."
საფლავებივით მილაგია მუხლზე ხელები
და ვაკვირდები.
ისე დამძიმდნენ - ვერ ავწიე,
ყურებამდეც ვერ მივიტანე,
რომ ჩამეხშო შენი დუმილი.
...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი