24.00


როცა ღამდება, როცა ღამეა და ყველგან ღამე.
როცა ბნელდება და როცა იძინებს ყველა ქუჩა.
მხოლოდ შენ და...
მხოლოდ შენ და...
აიშალნენ გარეთ მტრედები ფრთების შრიალით.
იყო ყველაფერი, გარდა პათეტიკის,
სანამ დაიწერა,
სანამ ქაღალდმა მიითვისა ბოლო სიტყვა-
ზღაპარი მხოლოდ სამ გზას იტევს
და დასასრულიც ყველამ იცის.

(და როცა არ იყავი და თუკი არ იყავი,
როგორღა წახვედი და ქარიც თან წაიყოლე?!)

იქნებ იყავ, იქნებ არც კი
იყავი და მოგიგონე-
მოვიგონე ყველა ლხინი,
მოვიგონე ჭირთა თმენა.
გაგცერ, -
ფქვილი გავფანტე და
ქატო დამრჩი.
მერე გული მოიზილა ქატოსგან და
მერე სიტყვა შავი მიწით მოიზილა:
მამაო ჩემო, რომელი ხარ სხვათა შინა
და რომელი ხარ იმედი და არ მახსოვხარ არცერთ ზღაპრიდან.
და როცა მიჭირს შენ კი არა-
ნატვრისთვალს ვნატრობ,
მფრინავ ხალიჩას ვნატრობ,
რკინის სკივრს ვეძებ, ცხრა მთა, ცხრა ზღვას იქით,
რომ ამოვიღო მისი გული, მუჭში მოვწურო.

და მერე ვკვდები თავადაც ჩაბნელებულ ფანჯრებთან,
სარკის წინ მიყრია მომინანქრებული ბეჭდები.
შიშველი თითები დამფრთხალი შვლებია, ათივე,
დამფრთხალი ნუკრებია და გადარჩენას ეჭვობენ,

როცა ქარია, გარეთ ქარია და ისეთი ქარი,
მკლავებში მამტვრევს-
როგორ გაგიშვა და გაგიმეტო.
როგორ გაგიშვა და არ გიყურო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი