განგაში


შენგან მოხაზულ წრეში მოვექეც, ტუსაღივით,
ყელზე მოვლებულ კანაფის თოკის ტყვეობაში.
ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ - უსასრულოდ.
ნაბიჯი წინ, ან ნაბიჯი უკან- ტყეებია

ხშირი, ან იქნებ არც ისე - მხოლოდ მომეჩვენა.
სულ ცოტა უნდა, რომ ქალი აყვეს ილუზიებს,
არც გზაა, ერთი ვიწრო ბილიკი, მოხვეული.
აღარც მზე- მხოლოდ მკრთალი შუქია, უჩვეულო.

შენი სახელი წითლად, ბატისტის მაქმანებზე,
ამოვაქარგე - ახლა თვალისგან დაცული ხარ,
გარეთ სიკვდილი მთვარეს, როგორც ტივს აქანავებს,
მერე დაჯდება და ცას წყალივით გადაცურავს.

მანამ კი დათვლი ვაზნებს, დარჩენილ დღეებივით
და გზა გექნება სახიფათო და ავდრიანი-
შენ წილ სამშობლოს მიწა სისხლით აქვს შეღებილი,
შენ - გულს ჰაერში სამიზნესავით აფრიალებ.

თუმც, რახანია, სამშობლო მზეზე გაგვიხუნდა,
მას, სამშობლოსაც, ჩვენ რა ხანია დავავიწყდით,
ყურებში მიდგას მსუყე ფრაზების რახა-რუხი,
გარეთ კი, მაინც, გულისამრევი სიჩუმეა

და შემოსაზღვრულ წრიდან ნაბიჯსაც ვეღარ ვადგამ,
ყელთან მოჭერილ კანაფის თოკის ტყვეობიდან,
სულს კბილით ვიჭერ, ტყავის მოვერცხლილ ლაგამივით,
ისე მინდა რომ მხარზე, სულ ოდნავ, ჩამოგეყრდნო...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი