ჭირი


(არგაგზავნილი მესიჯებიდან)


შენი ჭირი ყველაზე ტკბილია.
შენი ჭირი ყოველთვის ახლოს გინდა გყავდეს ადამიანს.
უნდა გჭამდეს ყოველ წამს-
გიჭამდეს კანს, ხორცს, ძვლებს.
გავიდეს სისხლში და
დარჩეს სამუდამოდ.
მერე რა, რომ სულ ენდომება,
წავიდეს და მოედოს მთელ ქვეყანას.
ჭირი მაგისია-
უნდა გავრცელდეს ჰაერიდან, წყლიდან, მიწიდან.
შენი მაინც შენთან დარჩება,
ყველაზე ტკბილი,
შენი ყველაზე დიდი სიმშვიდე.
...

როცა საკუთარ არსებობას გამართლებას ვეღარ უძებნი,-
და ის რამოდენიმე მიზეზი,
რომ ამაზე თვალი დახუჭო...

და ფიქრობ შენთვის:
რა მყიფეა ყველა მხარში დგომა...
რა მყიფეა ყველა მხარში დგომა,
რომელიც თვალებს არ გახუჭინებს.
...

კედელი?
არა.
ხელებსაც კი აღარ ეხები.
ვერც ვერასოდეს მიეყრდენი...
ვინც სიზმარ-სიზმარ დადიოდი თავსხმა წვიმაში,
ვერ მოგაშველა მუჭა მიწა ვისაც ვერავინ,
კედლები კი არ,
ზოგჯერ დილაც მხრებზე გეშლება-
აგურ - აგურ და
გული - გულის,
თუ არნდობის წილ...
ფანჯრები?
არა.
ზოგჯერ კარიც ისე მყიფეა,
ქარსაც არ უჭირს შემოხსნას და ღიად დატოვოს...
ჰო,
ზედმეტია გულში ყველა გაჭრილი სივრცე-
გახვალ ერთხელ და ვერასოდეს ვერ დაბრუნდები.
...

ავი ქარები.
ბეჭებზე ჩაბეჭდილი წითელი ხელისგულები.
ფიჭვის სანთელი ყველაზე სწრაფად იწვის-
უნდა მოასწრო ლოცვა.
ერთადერთი ლოცვა მოასწრო.

თოკებზე სიარული.
მეტს აღარ დაკარგავ.
უწონო ვერტიკალებია, რაც დაგავიწყებს!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი