თოვლის უდაბნო
ჩემო, მე შენით მარხულობა ისე მაწამებს, თითქოს წვრილ ძაფით გადაქსოვილ ცხოვრების გზაზე გამექცა თვალი- უიმედოდ ჩამწყდარი დილა, შემომერღვა და ახლა კანქვეშ გველივით მაზრობს- თვალი თვალის და უშენობა უშენობის წილ. მე გამიტაცა დრო-შაბდიზმა და ნოდეჰ-ნანუჰ ათოვს ოქროსფერ ფანტელებად უდაბნო-ღამეს. გადამხმარია ამინდების გადასახედზე ჯარი ნაძვების და ფიჭვების, გადამხმარია, დიდთოვლობამ კი ჩამოტეხა ყინულის ფრთები სახურავებზე. ჩუ, ჩემო, ნუ… ნუ… ნახე, გზები შემოგეშველა, მარტოობით და უჩემობით ასე შეშლილი, ნახე, თებერვლით დაჭირხლული კედლები გალღვა. მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო, გადაგიდო, მერე ძაძებით შემმოსოს ბრბომ და კეთროვანი უკუღმა შემსვას ატალახებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი,- ლამაზი მარტი, ურჩი მარტი,- შენით შეშლილი… ჩუ, ჩემო, ნუ… ნუ… დამემსხვრევა შუშის თევზები, დაგეკარგები მერე სადმე დიდთოვლობისას,- ჰო, შეტყუება იცის თურმე თეთრმა უდაბნომ. მანამ კი ალბათ, სიზმრებიდან გადაკარგვამდე, მანამდე, ალბათ მოთმინება გაგვანაწილებს- გული გულის და ჩემი სისხლი შენი სისხლის წილ. და მერე სოფლის მიტოვებულ წყაროდან შემსვი, ნაპირებიდან ცხელ თითებით მიწად ჩამშალე, რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს, გამოფიტულს და უშენობის თმენით დაშაშრულს და ფიქრად შევრჩე ცივი ზამთრის უსახო ღამეს, შენ მიდიოდე თავდახრილი და საყელოზე გათოვდე ჩუმად - ნანეჰ-ნოდუჰ და ნოდუჰ-ნანეჰ რუახ ელოღჰიმ- ბოლო სუნთქვად უსახელოსი და გაგახსენდე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი