ჩვენება
არ დაუჯეროთ სიყვარულის ანგელოზებს- სიკვდილთან მარტოდ დარჩენილებს და მღვრიე წყალში უცებ დამხრჩვალებს, არ შეუშვებენ ზამთრის ბაღებში, სადაც სამყარო ძირს დაწვენილი თეთრი ჯვარია,- ოთხივ კუთხივ ხსნილია გზა, იქ, შამბნარ ბალახებს, გართხმულ ეკლებს ვერ გაუყვები ალესილ ცელით. ან კი, რაღა დროს წრფელი ცრემლებია, რაღა დროს ძირს გაფენილი ატლასებია, რაღა დროს ტანს მოტმასნილი ფარჩა-აბრეშუმებია, რაღა დროს ვნება,მომნუსხველი ხავერდი ხმაში, როცა, წავიდა იგი და ჩემი სისხლი თან წაიყოლა. წავიდა იგი და ჩემი ხორცი თან წაიყოლა. და მე გავხდები მისი ერთგული მიცვალებული და მე გავხდები მისი ყველაზე ერთგული ქალი. არ დაუჯეროთ ზამთრის ბაღებში მარტოდ მლოცველებს, არ დაუჯეროთ სიყვარულის შემგროვებლებს, ამ, უთავმოყვარეო, თმაჩამოშლილ ანგელოზებს- საკუთარ გულსაც ვერ ერევიან, როცა სიყვარულს მიათრევენ მძიმე ლოდივით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი