სითბო
(არგაგზავნილი მესიჯებიდან) ჩაჭედებული ლურსმნებია შენი სითბო, ცარიელი ხელებით რომ უნდა აძრო ფიცრიდან. ჩასისხლიანებული თითებით რომ უნდა აძრო ფიცრიდან გულის - უხეში, გაურანდავი. მერე ამ ფიცრით, მოღრუბლულ დღეს ცეცხლს თუ დაანთებ, თან მიეფიცხო, თან ცას უყურო- იქნებ მოასწრო, იქნებ გათბე, სანამ იწვიმებს. ... ძალიან ფართოდ უნდა გაახილო თვალები- კაპილარები რომ ვერ გაწვდეს ქუთუთოებს, ისე უნდა გაახილო, კაპილარები რომ დაგიწყდეს ქუთუთოებში, ისე უნდა გაახილო და არ გადმოიღვარო არცერთი წვეთი. მერე რა, თუ ტვინში ჩაგექცევა ყველა სახელი. მერე რა, თუ როცა ქარია ყველა დაგტოვებს. ... რაში მჭირდებით ისინი, ვინც, როცა მჭირდება გვერდით იყოთ, გვერდით არა ხართ? ჩემი ყველაზე ერთგული სიკვდილი, ჩემი ყველაზე ვნებიანი შეყვარებული, მოვა ერთხელ და ცხელ ხელებს წელზე შემომხვევს. როგორ მრცხვენია, რომ ვღალატობდი შენთან, ჩემო ტკბილო, სიცოცხლევ, როგორ მრცხვენია, რომ ვღალატობდი... მე ხომ ვიცოდი, ერთადერთი, ვისაც ვჭირდები- სიკვდილია, სიკვდილამდე ვინც მელოდება. ... ტკივილზე ისე როგორ უნდა წერო- არც მოსაწყენი იყო, არც სასაცილო. -რა ბოროტი ვარ. რა მგელი ვარ. ყველა წავიდა, მე კი ისევ ცოცხალი ვარ, ალაგს დამრჩალი.- მეუბნება მეზობელი მოხუცი ქალი. ვგრძნობ, როგორ იხლეჩს ყელიდან სიტყვებს და არ ვიცი რით ვანუგეშო. ისე ძნელია, იჯდე მთელი დღე, ელოდებოდე! ელოდებოდე! სიკვდილს! სიკვდილს! სიკვდილს! ან სიყვარულს! მგელივით მიზიხარ გულში. ვერაფრით გიგლეჯ. შიგნიდან თუ ამომჭამ შენს თავს. სიკვდილივითაა ყელში ამოჩრილი ტკივილი. ... 17-18 ნოემბერი, 2013.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი