შენ


როცა შენ მოხვალ, როცა არავინ იქნება და როცა შენ მოხვალ
და მე ყოველთვის გამახსენდება ზამთარი და ქარი და თოვლი,
შენი ტუჩები და გაყინული შენი თითები გამახსენდება,
როცა მოხვალ და მე არაფერს გეტყვი და ღამე
იქნება თეთრი. თეთრი სუნი ექნება თმასაც.

როცა შენ მოხვალ, როცა მე აღარ ვიქნები და როცა შენ მოხვალ
და კიდევ ერთხელ გაგახსენდება ზამთარი და თოვლი და ქარი
და კართან ჩემი მოლოდინი, სიცივე და ჩემი თითები
გაგახსენდება და არავინ გაგიღებს კარს და...
ნეტავ როგორი თვალები აქვთ უმწეო კაცებს?

როცა არავინ არ მოვა და აღარავინ არ მოვა მეტად
და არც არავის არ დახვდება არავინ და აღარც არავის
ემახსოვრება თეთრი თოვლი და არც ეს ჩვენი ღამეები ემახსოვრება-
ბოლოჯერ მომკლავს სინანული და ბოლოჯერ მომიღებს ბოლოს,
რომ არასოდეს არ გითხარი როგორ მიყვარდი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი