იმერული ესკიზები


...
მირაჟები იცის იმერეთის მთებმა, ქიმერები.
შენ იღიმი.
გაღმა ცის ნაპირიც წითლად აილანძა.
ბინდდება და მზესთან ერთად ჩვენი მზერაც იმალება,
მე- სტუმარი,
შენ კი- ჩემი ხელგაშლილი მასპინძელი.
ნახე, შენს ფერდობებს ჩემი ლეგა ფერიც შეერია-
ჭრელად მოშიბული ბებოს გამახსენა ფარდაგები,
ზედ რომ ბავშვობიდან ჩუმად გაპარული ფერიები,
ახლა ზღაპრებს გარეთ ნამდვილ სიმარტოვით თამაშობენ.
მერე რა, შენამდე თუ კი მოვდიოდი კიდით-კიდე,
გენში დამყოლია სისხლით გადარჩევა სიავკარგის,
ვიცი, მაგ სიყვარულს ყელზე ავგაროზად ჩამომკიდებ,
მერე- დამივიწყებ,
მერე- ქარებს იქით გადამკარგავ...
სანამ დამკარგავდე,
წამო,
ეს ტყეები ამატარე
და მზით მოხატული შენი იმერული ესკიზები,
მოდი, სამახსოვროდ ძველი ლექსებივით ამიკინძე,
ვიწრო ბილიკებით ჩემი თუშეთისკენ მერე ნებით
წავალ...
ჯერ ღამეა,
გზაზე აჩრდილები ირევიან,
კვლავ აგვისტოს ხვატით ჭალა ნარინჯისფრად ირუჯება,
შენ მიღიმი.
სიტყვებს შეპარვია კილო იმერული:
"ქიმერები იცის ჩემმა მთებმა, ქალო... მირაჟები..."
...



შენი ეზო ...

აღმართი აირბინა ქარმა ოხვრით,
თითქოს-და ჩუმად თვლიდა საფეხურებს,
მზემ შუქი ჩამოშალა, სვეტიცხოვლის
გუმბათზე მანდილივით დაეხურა.

ბავშვები თამაშობენ ასკინკილას,
ქალებმაც გაარჩიეს ჭორ-მართალი,
ვიღაცამ ვიღაც თბილად გადაკოცნა,
ვიღაცამ ნაცნობს ხელი ჩამოართვა.

ის ქალი სადღაც გაჰყვა მატარებელს,
ამ კაცმა - მარტოობა შეიფერა,
(და იქნებ, უღიმღამოდ ატარებენ
სულ სხვებთან, საღამოებს ფეერიულს).

და თითქოს არაფერი, შემოდგომის
მზემ წითლად შემომაწნა ალიყური
და ლამის მოვიდე და უპატრონო
ძაღლივით სახლის კართან აგიყმუვლდე.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი