ჩვენ
ვიდექით ჩუმად. დახავსებულ სიტყვებს ვღეჭავდით, ქარი ბალახებს ეხებოდა გრილი ტერფებით. ცას ეცვა ღრუბლის ანაფორა მკაცრი ბერივით, თმის ფუნჯებივით ჩამოშლოდა ნაპირი ფერდობს. მე მივდიოდი. შენ რჩებოდი. ხუჭავდი თვალებს და სხვანაირად, სხვანაირად შენ არ შეგეძლო. შენს ოთახებში იწყებოდა ჩემთვის სიცოცხლე- გადმოწერილი სიზმრებიდან ჩემი სამყარო. ორი ფინჯანი მაგიდაზე თვლემდა მოწყენით, სხეულს ალერსი ენთებოდა ისევ ძვლებამდე... მერე გტოვებდი. მიწასავით დღე შავდებოდა, რომ სხვანაირად, სხვანაირად მე არ შემეძლო და არ ვფიქრობდი, არ მინდოდა თვალის ახელა, მივაბიჯებდი სიბნელეში ხელისცეცებით, აღარ მიმძიმდა გულისპირთან მძინარი გველი. მხარსუკან ისევ ქირქილებდნენ ეჭვის ჭინკები და შენს ლექსებში გადამალულ უცხო სახელებს, მახსენებდნენ და მეძახოდნენ... და მერე ნელა, ცას გადაეკრა თხელი ფენა - ყინულის- და მზე წყალში დამხრჩვალი სხეულივით უცებ გაცივდა. მშრალი ჰაერი ხმიადვით გავყავით ორად, გავყევით ისევ საკუთარ გზებს ცარიელ მზერით, ვითომ მორჩილად და ტკივილით დავხარეთ თავი და სხვანაირად... სხვანაირად ჩვენ ვერ შევძელით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი