"ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!"
"ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!" ბერეთელი. ჰო,ბრბოს ურჩევნია ფარსი, მოდი, ვითამაშოთ "ბისზე", მერე წავუჭიროთ ყელში ეჭვებს გაოფლილი ხელი, გული მიეჩვია ყიალს, ღამე მიეჩვია ლოდინს, ძველი ნიღბებივით ყრია ყალბი ღიმილები მტვერში. და მე ბედისწერით - ქალმა და შენ კაცმა - მთავარ როლში, გრძნობა მუქ ტონებში ვხატეთ- სიტყვებს შევუხამეთ ფერი, ბრბომ კი ვერ შენიშნა სივრცე, ბრბო ხომ არ პატიობს ფრთებს და- მერე, მიტოვებულ ჭაში, ყველა სიხარული დაშრა. მაინც ხელუკუღმა ცერცვი, სცენის შევაყარე კედლებს,- თუმცა დახვეწილად მეცვა ტანზე ტყუილების კაბა და აღარ უნდოდა სწავლა არცერთ მიმიკას, თუ სიბრძნეს- ბედი ამზადებდა უხმოდ, ლამაზ და ფინალურ წასვლას. მერე მე მივბრუნდი ზურგით შენგან, ყველასგან და ასე... თავაწეულმა და ფრთხილად, ფარდა მივაფარე წარსულს,- შენ ხომ უფლისწული იყავ, სადღაც, მეათასე ციდან, მე კი არასოდეს ვგავდი მეფის ნაბოლარა ასულს. ჰო, ბრბომ აირჩია ფარსი, მე-ზურგშექცეული დრამა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი