დღეს და გუშინ
დღეს ... თითქოს და კაი დაქალი იყოს, მოვა ხოლმე და საწოლის პირას ჩამოჯდება შინაურულად. მიყურებს დაჟინებით, როგორ ვწევარ თვალდახუჭული. ფეხს ფეხზე გადაიდებს, ნიკაპს ხელისგულზე ჩამოიყრდნობს და ფიქრობს რაღაცას. არა და, როგორ მეზიზღები, სიკვდილო, არა და როგორ გგრძნობ, როცა ჩემთან ახლოს დადიხარ, კმაყოფილ სახით, ნიშნისმოგებით, გულისრევამდე ხელშესახები. ახლაც ვიცი, თუ ვის ესტუმრე. ზუსტად ვიცი, სწორედ ამ წუთას, როგორ აფარებ მეზობლის ქალს პირზე გრძელ თითებს. გუშინ ( შ.-ენ) ეს იყო ომი, ჩავსულიყავი კიბეზე და არ მომეხედა. ეს იყო ცდუნება, ვიცოდე როგორი ხარ, როცა მხოლოდ ჩემს მხრებს უყურებ. ყველაზე დიდი სახლებიც ინგრევა. ყველაზე დიდი ნებისყოფაც. ერთხელაც იქნება, თოკით დაბმული ხეებიც აიწყვეტენ საკუთარ თავს. სადღაც, ავტობანზე, ახლა ყველაზე სწრაფია ღამე. როგორ მინდა გიფრთხილდებოდე, როცა დაღლილს გძინავს და შენი მონატრება, სიბნელეში ჭრიალა იატაკზე სიარულია- გუმანით რომ გრძნობ, ფეხი რომელ ფიცარს დაადგა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი