საახალწლო ეტიუდები
(არგაგზავნილი მესიჯებიდან) ზამთარი ზურგიდან მოიპარება. ყველაზე გამყიდველი სიცივე. ცხადად ვგრძნობ თეთრი ტუჩების გემოს, ანტიბიოტიკივით მომწაროს. თოვლი წამიღებს. ნაწილ-ნაწილ დამიფარავს ჯერ მტევნებს. მერე ტერფებს. თმას... მხოლოდ თვალები გადავრჩები. მის მხარში გარჭობილი ორი ისარი. ... ლოტოსი. ყელთან დაჭიმული იოგები. მუხლებზე შესვენებული თავშეკავება. კარში შესვლას და გასვლას სხვა-და-სხვა ხმა აქვს, როცა ხის სახლი წყალზე ირწევა. კარის ადგილას- მოქანავე ტილოს ნახევი. ისე წახვედი, წყალს ტერფები არც კი შეახე- წმინდანივით, ანგელოზივით. მხოლოდ გაჩენილ რკალებით მივხვდი- დროა. ყელთან ჩაწყვეტილი იოგები- ფსკერისკენ უხმოდ ჩაძირული თეთრი ლოტოსი. ... იაფფასიანი შუშის მძივი ხომ არ ვარ- მივიდე და კისერზე ჩამოვეკიდო. ავირეკლო ნეონის ნათურები და ვიბრწყინო მოპარული შუქით. ჩემი სიბნელე მირჩევნია- მძიმე, ქვასავით. ნამდვილი, როგორც ეს თითები, როგორც ტყუილი- "გმადლობ. კარგად ვარ." როგორც... როგორც არ ვიცი, რა... იაფფასიანი შუშის მძივი არ ვარ, მენატრებოდეს, კისერზე დახრჩობამდე გველივით შემოვეხვიო. ... ერთ სიტყვას გადაყოლილები. ერთ სისუსტეს გადაყოლილები. გარიყეს. ქარით. ტალღებით. რა იოლია, თოკზე გამობმულ კონსერვის ქილასავით სიცარიელე ნაპირზე ჟღარუნით დაგქონდეს. ზღვა კი ყვაოდეს იოდის მათრობელა სუნით, როგორც ბავშვობაში შენს ზურგზე გაციებისას დახატული უებარი წამალი. მომუჭულ ხელისგულებს მხოლოდ სიმლაშე შერჩებათ კანში ჩასობილ ფრჩხილებთან. თავის მოტყუებაა სხვა ყველაფერი, სილაში სანახევროდ ჩაფლული თუნუქის ქილა. ... ვდგავარ ხოლმე სიბნელეში. ხელებდაშვებული, თვალდახუჭული. მხოლოდ საკუთარ ქუთუთოებქვეშ ვარსებობ. აყირავებული ტყეებია ჩემს სხეულში. ამოძირკვული ხეები. ბნელა და ყელში ამოდიან. ტუჩებზე ფესვებს მაფარებენ. წელზე ტოტებს მხვევენ და მექაჩებიან. ვდგავრ სიბნელეში და ვიხრები. და სულ უფრო მეტად მიწისკენ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი