საშუაღამო


(ავტოპორტრეტი)

დაიწვას შენი ქალობა, ქალო,
შენი სადილი დაიწვას-
ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით
და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...
შენი იმედი დაიწვას, შე ღმერთგამწყრალო,
რომ ამოეგლიჯე ფესვებით და გაფრინდი ცხრა გაზაფხულს გაღმა,
სახლი დაინგრიე,
ტოტები დაიმტვრიე და დაბრუნდი...
ახლა ლიმონისფერ  მიკროდოზებით
შენივ სხეულში ახალ სიცოცხლეებს რომ კლავ ყოველდღე  და
თავადაც რომ მათთან ერთად კვდები...
იმ ორიოდ ყლორტს მაინც გაუფრთხილდი, შე დღეჩასაქრობო,
რომ ამოგყრია ტანზე,-
სულ რომ არ დამთავრდე...
შენი თვალები დაიწვა,
შენი ხილვები, ქალო,
რომ აგრიეს დღესა და ღამის,
ცხადსა და სიზმრებს შორის
და ახლა,
ჰაერის ზოლზე ტორტმანით დგახარ
და სიოც კი არ იძვრის,
რომ ან იქით წაგიღოს,
ან აქეთ...
ეგ სიყვარული დაგეწვას, ქალო,
შე ალერსგასაშრობო,
შე ბედგამწყრალო...
შე...
შე...
ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს,
რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა,
კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და
ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს,
ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ.
ვერ ხვდები?!.
ორმა უნდა უბეროს, ქალო,
ორმა...
წადი,
სარკეში ჩაიხედე, შე მზერადამწვარო და დაითვალე,
მაინც რომ მხოლოდ ერთი ხარ და
ყოველთვის მხოლოდ ერთი რომ იყავ.
მერე გადი და
ეგ თითები წვიმას შეუშვირე,
იქნებ დაგიამოს,
მოგიშუშოს იქნებ,
მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის...
მეტად ნუღარ გაიშიშვლებ სულს,
განა არ იცი, რომ ცხოვრება მრგვალია და
სითბოს მაინც სიცივე შეცვლის...
ადექ,
ისევ სიჩუმე ჩაიცვი,
ისევ დუმილი წაიკარ შუბლზე და
სადილს შეუდექ-
ნედლი ღამეების მტვრევას უძირო ქვაბში,
სანამ ქარი დაბერავდეს და წაგიღებდეს,
სანამ შენი გული სულ დამწვარა, ქალო...

დაიწვა შენი ქალობა, ქალო,
შენი გაჩენა დაიწვა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი