იავნანა თოჯინებისთვის
რატომ მიდიხარ და მკვდარივით მიათრევ ფეხებს, წითელი ბამბით გატენილო მიტკლის თოჯინავ, რატომ იგონებ გახევებულ ყველა შეხებას. როდესაც ხვდები, რომ მოირყა რკინის ჯებირი და დაიტბორე, საფეთქლებამდე. რაღა ჰაერი, ამოგევსო ფილტვები მტვრისგან და რაღა მიწა, გადაჭამა ხავსმა საფლავი, ან რაღად გინდა ჩაჭიდება მკვდარს იმედებზე. მდინარეს მაინც მთელი დღეა მოაქვს ცხედრები ნაფოტებივით. გამორიყა გამხმარ მდელოზე ყველა ლოცვა და ყველა ვედრება. შენ კი მიცურავ, გაჟღენთილი სისხლით თოჯინა, შენ კი მიცურავ, გახვრეტილი გულთან ხომალდი და რომ გეგონა ცოცხალი ხარ, შენ ვერ მიხვდი და მხოლოდ მოგმართეს- ზამბარიანი საათივით. საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა... იავ-ნანა და მზე-ნანა და ჩემო თოჯინა, სამი გზა იყო ზღაპრებში და ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი