მე ზურგით ვდგავარ..


მე ზურგით ვდგავარ
და სიჩუმე ფონს აფერადებს.
ეს შემოდგომა, გაბზარული
ღამის მარჯანი,
მოდი,ჩამაცვი
სანამ ისევ ჩემს სასთუმალთან
სძინავს დილამდე უზრუნველად ჩინურ ლარნაკებს.
ფოთლების შრიალს გადავაძრობ
თვალებით საწოლს
და ისევ ზურგით მივბრუნდები-მუქ ფანჯრებისკენ...
მთელი სიცოცხლე
დავატარებ მუცლით შენს ნაყოფს-
არჩასახული სიყვარულის უმწეო დაღლას
და ვიჭამ ტუჩებს...
და სადღაც ცაში
მზერას შუქის წერტილს ვადევნებ-
ბოინგი ალბათ....
მოდი,
დამაყრდნე ლოყა მხარზე.
ისე,უბრალოდ...
ოცდამეერთე საუკუნე-
არ სცივათ ქალებს,
არ სტკივათ კაცებს...
შენ კი მაინც მხარზე დამეყრდენ...
არ დავუჯეროთ
ამ პროგრესის უტიფარ თვალებს.
(თეთრი ხალათი თეთრ ფრთებს,იცი,სულაც არ ნიშნავს.)
ხედავ იმ წერტილს?
მაღლა ცაში-
რკინის ვარსკვლავის?
ადამიანის სულები რომ მიჰყავს სადღაცა,
ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში და ალბათ სჯერა
თავის სხეულის სიძლიერის,
რომელიც ახლა
რაღაც უაზრო სტანდარტებით არის ნორმაში
და ვერ კი ხვდება,
სანდო ფრთებიც ვიღაცის მხარზე
დაყრდნობილია,
როგორც ეს ლოყა
და ყველა ნორმა....
მოდი,
გამხადე შემოდგომის სიყვითლე მხრებზე,
მერე თითები ჩამიცურე ჟინით მუცლისკენ.
(ჩინურ ვაზაზე თვალს დახუჭავს ნაზი გეიშა...)
ჰო,ვიცი,
უფრო საუკუნე ნანო-ლოცვების
ენდობა პროგრესს,
იდეალურ რკინის ნიმუშებს...
ჩვენ კი ჯიუტად მოვისროლოთ ეჭვების თალხი,
თორემ, როგორაც ნესტიან დღეს უთრთის საღამო,
სხეულში შენი
ვერშობილი სიცოცხლე მახრჩობს...
მე ვდგავარ ზურგით.
ჩამომაყრდნე ტკივილი მხრებთან,
შემომაძარცვე შემოდგომა-ტანზე მარჯანი-
და იქნებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი