ნასხლევი
"...ბოგანოა კაცი, რომელსაც ვენახი არა ჰქონდეს, რაგინდ, სხვა მამული ბევრი ჰქონდეს." ვახტანგ V| "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და თქვენ რტონი..." იოვანე. ... ვერასოდეს ვწერდი გლობალურ თემებზე, პრობლემებზე, დათბობაზე, მასშტაბებით... ბნელ კუთხეებში ატუზულ მოზარდებზე, მიტოვებულ მომავალზე, მოხუცებზე, წასულებზე, წარსულებზე. ვერასოდეს ვწერდი მათზე, ცხოვრება ვინც გაისიგრძეგანა, საბანივით შემოიკეცა, საშვილიშვილოდ მოაგროვა თბილ კალთაში პური და ცხვარი, ღვინო და მიწა. ყოველთვის მწყინდა, რომ ვერ დავწერე, ტოპოგრაფიულ ხერხით გაცოცხლებულ ღმერთზე, მეორად სანთლებზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, წამგებიან შტრიხ-კოდებსა და მომგებიან ფსევდო- _იზმებზე, საშუალო რეიტინგზე, დაბალ მორალზე, ნულოვან ხელფასზე. და ვერ დავწერე, ერთხელაც კი ვერ გავრითმე ომი და ბავშვი, ტყავი და მგელი, ჭუჭყთან - სიცივე. შიმშილთან - ქუჩა - მათხოვარი. ღობის ძირას მიგდებულ თოხთან რომ შრება მიწა, ჭლექიანივით რომ ახველებს გადამხმარ ფესვებს და სისხლივით ამოდის ყელში: "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული..." შენ ხარ ვენახი, ხარ ვენახი ცას მისადგმელი... და როგორც კანქვეშ ჩირქდება ხიწვი, გული ისე მძიმედ ფეთქავდა.- ვუსმენდი და- ვერაფერს ვწერდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი