სასწორი
დაჭრილ მხეცივით მაწყდება მხართან და დროდადრო დაგვალულ ენით მონატრების გლუვ ქვა-მარილებს მილოკავს ქარი... წყალი... სულ ერთი ყლუპი წყალი ჩამოიწვიმოს, თორემ ყელი კი არა, უკვე გამიშრა სისხლიც, ერთი წვეთიც კი აღარ შერჩა გაფიტულ ხელებს. ექსპონატივით მუზეუმის ამ ყრუ კუთხეში ვდგავარ. მომსვლელს და წამსვლელს ვითვლი ცარიელ მზერით... მტვერმა შემჭამოს, დამლახვროს ღმერთმა, გამიხმეს გზები... კეთროვანივით მაინც შავი მკიდია აბრა: ნ უ შ ე მ ე ხ ე ბ ი თ! ნუ შემეხები. ცივ პინაზე ვგდივარ ქვასავით. ამიწონე და ულუფებად გამანაწილე, ოღონდ ისე, რომ არ შემეხო, არ მომეკარო... არ მომეფანჯრო... არ მეკედლო... მეჰაერო არ... შემომილეწე, ამირიე ბინდზე ჟამ-კარი, სანამ ამინდი შუბლს შეიკრავს ისევ საწვიმრად, გადამაშენე... ამომძირკვე... გადამიკარგე... სადაც წვრილია იქ გამწყვიტე, იქ ჩამიშალე, სიცხიან შუბლზე დამაფინე სველი ნაჭერი და სანამ ვწევარ უმწეო და ასე შიშველი, მზრუნველ თითებით ამზომე და თარგად აჭერი ჩემი სხეული, სული ჩემი, ჩემი ბოდვები, ხილვები ჩემი, ამოსული ყელში სიცოცხლე, დამანაკუწე, ჩალასავით ცეცხლად მომედე, მე რა ხანია უკვე მივხვდი... შენც ხომ იცოდი, რომ გადარჩენა გახდა უკვე მაგ ჩალის ფასი და რომ სიკვდილი ჩემთვის იყო ხერხი ნაცადი, გარშემო ყველა პროფილი და ანფასი ყველა, რომ ყველა უცხო ნიღაბი და სახელ-ნაცვალი, ჩაეტეოდა სიტყვა "ჩვენ" და სიტყვაში - "მარტო", ასეც ვაგდივარ- გლუვ სიპივით ქვა საპირწონე დახრილ პინაზე. მთის ბროლით და ყვითელ ამარტით, შენ მუჭა მიწად დამეყარე- გადამიწონე მხეცივით გულთან აბორგილი ეს მონატრება, მლაშე ენით რომ მოთმინებას დროდადრო ლოკავს და ირგვლივ ისევ დუმილია სამუზეუმო. გაყინულ აბრას-არ შემეხოთ-დანესტილ თოკზე, თმის სარჭით ფრთხილად ვამაგრებ და ჯიუტად ვალხობ... გამიღე კარი. მოზომილად მზეს ვეღარ ვსუნთქავ და ხელუკუღმა მომაყარე სიტყვები ბოლო, ღიმილით გარეთ გამიშვი და გზაც დამილოცე- სიკვდილამდეც მქონია გზები, მარტივი... რთული... ახალიც... ძველიც... და მარილიან ქარს თუღა მოვყვე, თუ კვლავ დავბრუნდე- ღმერთმა დამლახვროს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი