სტატუს-კვო ანტე


ეს იყო შეუვალი ზონა,
კბილებივით შემოვლებული მესერით რომ იცინოდა.
ეს იყო ყველაზე აგრესიული ღობე.
ყველაზე საიმედო დაცვა.
ყველაზე აუღებელი სიმაგრე,
რომელზეც
მოჭრილი  თავებივით  წამოცმული სიტყვები მზეზე ხმებოდა.

მერე ფრთხილად ვხსნიდი და ვმარხავდი მუყაოს ყუთში,
სიტყვებს - ჩემს მტრებს.

ეს იყო მკვდარი ზონა-
მომწამვლელი, თეთრი დღეებით.

სარკესთან მივედი და გავიცინე.
შაბიამნით  დავიჩრდილე  ქუთუთოები
და როცა მოვკვდი,
ცამ ჩემს თვალებზე აიხილა.

გახსოვს, რა ლამაზი ვიყავი, როცა გიცნობდი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი