ტაბუ


(არგაგზავნილი მესიჯებიდან)

არ ვართ შეხებას. არც მონატრებებს.
არც სიყვარულს და არც ღიმილს და არც ზურგის ქარებს,
არ ვართ გადასვლებს წითელ ფერზე
და საერთოდაც,
არ ვართ ფერებას....
ნუ მიფრიალებ მაგ სიცივეს თვალებთან ჯიუტ მატადორივით,
ვერ ვარჩევ სითბოს და მე უკვე ისედაც ვიცი-
რომ ვართ აკრძალვებს.
არ ვართ მზეს და
სიცოცხლეს  არ  ვართ.

ჩვენ  ხომ,

ვწევართ არამც თუ პოლუსებზე,
ვწევართ  სხვადასხვა  პლანეტებზე,
ორნი-
სხვა  და  სხვა.
და  სხვა  სახელი  ჰქვია უკვე  დაღამებასაც.
გუშინ ფეხსაცმელს
ჩამოვარეცხე  მოყოლილი  საფლავის  მიწა-
მთელი სიცოცხლე რაზეც ფეხით დავიარებით,
ის  ნატერფალი დაგვამძიმებს როდესმე  გულზეც...
ჰო,
დღეს  სხვადასხვა  პლანეტებზე ვდგავართ ორივე
და ვგრძნობ საყრდენი
ნელა,
ნელა,
როგორ მეცლება

და მე...

მე ახლა ალბათ მოვიდოდი შენთან თოვლივით,
ოღონდ ვიცოდე სად გეძებო...
ფიფქები მოჰგავს ფრთათეთრ თოლიებს-
სადღაცა, ვიცი, ფარფატებენ
და მონატრება ტანზე აცვიათ,
ჩემთან კი ქუჩებს სიმშრალისგან ხველა ეწყებათ
მოხუც კაცივით...
ნეტავ ვიცოდეთ, სად გეძებოთ
მე და ზამთარმა.
ავდგებოდით და მოვიდოდით, იქნებ, თოვლივით,
შევატოვებდით დამზრალ წყენას მძინარე სახლებს
და ძალიან,
ძალიან ფრთხილად,
აფრინდებოდნენ თოლიები გრილ ტუჩებიდან-
არ... მენატრები...
ვიცოდე  ნეტავ, როგორ ხარ ახლა?

შენ  კი,

ეტყობა, როცა ბავშვი იყავ, ვარსკვლავებს თვლიდი.
და არაფერი ვიცი მეტად მე შენს შესახებ...
მოდიხარ ხოლმე. მე მკლავებზე გალაგებ თითებს.
შენ რატომღაც მიზნად ისახავ-
წახვიდე და-
არ მოიხედო.
ეტყობა, როცა ბავშვი იყავ - სურვილს უთქვამდი.
ის ვარსკვლავები ჩამოწყდა, კარგო,
სხვა ცა დაიწყო...
მე ჭორფლებს ვითვლი შენს ლოყებზე თბილი თითებით,
თითქოს ვკითხულობ შენს ბავშვობას
და გაშლილ თმას თვალებზე გაფენ,-
ვერ მხედავდე-
ვერ დამივიწყო.

ჰო და...

ჰო და  ქარია.  ზურგის  არა.  საფეთქლებისკენ.

...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი