ღიმილის მკვდრები


მომიხსენიეთ,
გახსენით კარი.
მიცანით დენთით ამომწვარ თვალებზე და
თქვით, რომ
სულ არ მელოდით,
რომ სინდისი არასოდეს ბრუნდება უკან,
გლოვაც რომ დეკორაციის მორიგი ცვლა იყო-

როცა იფეთქა.
ტაშმა.
ღამე წამოიზლაზნა.
მთელი სიმაღლით. მე ვიჭამდი ხორცის ჯებირებს.
მამლებმა ცხრაჯერ იყივლეს და ბოლო თენებას
კვამლით დაბურულ ჰორიზონტზე ამოვიჭერი.
გადავიარე ორმოცი  მზე, ორმოცი ქარი.
გადავაღწიე  დავიწყებულ მიწების გაღმა
და ვნახე-
ყველა საკუთარ ცეცხლს აჩაღებს,
მერე-
ტანზე გახდილი პერანგიდან ძველ ცოდვებს არღვევს-

იქ,
სადაც თხა თხის ფეხით ჰკიდია,
ცხვარი - ცხვრის  ფეხით,
მე კი ჰაერში ვირწეოდი
და მოგონებებჩაქცეულ ტვინში
ვაკოწიწებდი ბოლო სურათს,
რომ ქვავდებოდა ძველბზე შრეებად,
ფანჯარასთან მდგარ მოხუცი დედის
გაწყალებულ და მტკნარ იმედივით,
რომელიც ვერა და ვერ...
ვერ...
ვერ იჯერებდა,
რატომ წვეთავდა საოჯახო ალბომებიდან,
ცასავით მღვრიე სურათები შემკრთალ თითებზე...

მომიხსენიეთ.
მოგონებებს გემო აქვს მოტკბო.
შიშისგან მალვით მოღეჭილი ტუჩის გახეთქილ
გლუვი კანიდან ქეჯნასავით გამოვჟონავ და
სანამ სამიზნე წრეებივით გაფართოვებულ
ცივ გუგებამდე ავაღწევ და დირედ დაგრჩებით,
ამ ბოლოჯერაც,
აცდუნეთ ხელი - და მომიკვეთეთ
მოძულებული სინდისივით...

ჯერ კი,
ჯერ ფართედ გამიღეთ კარი,
ჩამხედეთ სისხლთან არეულ მიწაში და
თქვით, რომ
ღიმილის მკვდრები არ ბრუნდებიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი