შენი თვალებით
ნივთები, რომლებიც მათ შემდეგ რჩებიან. ნივთები, რომლებიც მათზე მეტს ცოცხლობენ. ნივთები, რომლებსაც შერჩნენ მხოლოდ ანაბეჭდებად- თითების, ტუჩების, სიცილის, დუმილის... ნივთები, რომლებიც- გადაგვეგდო- ვერ გავიმეტეთ, ვერ გავწირეთ, სანაგვეზე მოგვესრიალა. ნივთები, რომლებიც წიგნის თაროზე, კომოდებში, ფანჯრის რაფებზე, ისე მოკრძალებით, ფრთხილად სუნთქავენ- თითქოს შიში აქვთ, არ გაგვახსენონ- მათ უკან ჩუმად ატუზული ჩვენი სისუსტე. სისუსტე, რომელიც დავმალეთ ჩვენში, სისუსტე, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს, რომელსაც მხოლოდ სხეულად შევრჩით,- თითებით, ტუჩებით, თვალებით - დათხრილი... სისუსტე, რომელმაც- გავეყიდეთ- ვერ გაგვიმეტა, ვერ გაგვწირა- სამსჯავროზე გამოვეტანეთ. სისუსტე, რომელიც ზოგჯერ უეცრად, ისე შეპარვით გვეხება შუბლზე- თითქოს, ხელი ჰკრეს ნაჩუქარ ნივთებს, გადმოყარეს და მიგვახედეს იმ ხმაურისკენ, სადაც ამ ნივთებს შერჩენილი ვიღაცის სუნთქვა აღარ არსებობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი